logo
ENG



მიტროპოლიტი: სააკაშვილმა 7-ჯერ იცხო ზეთი, ამბობენ, ადამიანს დავიწყებული ცოდვებიც მიეტევებაო

05 დეკ 202115:37
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. 

ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ სასულიერო პირმა თქვა, რომ ექსპრეზიდენთან მისი თხოვნის საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჩავიდა და 7-გზის ზეთისცხების საიდუმლო აღავლინა. 

"ეს არის ლოცვები, ხმამაღლა კითხვის პირობებში მის წასაკითხად 2 საათი მჭირდება. 2 საათი ესწრებოდა ამ ლოცვებს და ვაცხე ზეთი. ამბობენ, რომ ამ რიტუალით ადამიანს დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება.

ღრმად მწამს, რომ ეს მის ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედებს. ბევრი ექიმისგნ გამიგია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტი არ არის კონტაქტური ან ექიმი არ არის მორწმუნე, როცა ეს ლოცვები სრულდებოდა რეანიმაციაში, ყოველთვის იყო შედეგი. 

უფრო და უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მართლმადიდებელი ქრისტიანი. აღსარება თქვა, ეზიარა და დღეს 7-ჯერ იცხო ზეთი. ახალი აღთქმის 7 საიდუმლოდან 6 მიღებული აქვს". - თქვა მიტროპოლიტმა. 

მანამდე, შიმშილობის 39-ე დღეს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი აზიარა და თქვა, რომ 40 დღე მშრალი მარხვა, აღსარება და ზიარება დიდი ღვაწლია და რომ მიხეილ სააკაშვილმა ეს ღვაწლი გასწია. მან ექსპრეზიდენტი დავით აღმაშენებელს და დემეტრე თავდადებულს შეადარა. 

მიხეილ სააკაშვილმა 1-ლ ოქტომბერს თქვა, რომ საქართველოშია. იმავე საღამოს ის დააკავეს. დაკავებისთანავე ექსპრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო, რაც 49 დღის განმავლობაში გაგრძელდა. გორის სამხედრო ჰოსპიტალში ის შიმშილობის შემდგომ რეაბილიტაციის პროცესს გადის. 


close დახურვა